ტრანსფორმაციული ქვეყნები დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებადი სეგმენტია და წარმოადგენენ გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვან და აუცილებელ ელემენტს. თავის წიგნში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი კოვზანაძე აანალიზებს ტრანსფორმაციულ ქვეყნებში ეკონომიკისა და საბანკო სისტემების განვითარების ეტაპებს, კანონზომიერებებსა და თავისებურებებს და განიხილავს ფინანსური გლობალიზაციის გავლენას ამ ქვეყნებზე საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში, ასევე იმ წარმატებებსა და პრობლემებს, რომლებთაც ადგილი ჰქონდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისას.

      კვლევის ცალკეული თავები ეძღვნება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ზღვის რეგიონის, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ქვეყნების ეკონომიკისა და საბანკო სისტემების განვითარების თავისებურებების ანალიზსა და პროგნოზებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ტენდენციებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სისტემის განვითარებას.

      ჩატარებულია ტრანსფორმაციული ქვეყნების განვითარების სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ამომწურავი ანალიზი ისტორიული და გეოპოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით. ფართოდაა გამოყენებული სტატისტიკური მონაცემები.

      წიგნი გამიზნულია მკითხველთა ფართო წრისათვის, განსაკუთრებით მაკროეკონომიკის, გეოპოლიტიკისა და საბანკო საქმის სპეციალისტებისათვის.

    პროფესორი ირაკლი კოვზანაძე არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი მათემატიკასა და ეკონომიკაში, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა:

  1. "მეზოკომპაქტური სივრცეების განზომილების თეორიის ზოგიერთი საკითხის შესახებ" (1990, რუსულად);

  2. "საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე" (2001, ქართულად, რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენებზე);

  3. "სისტემური საბანკო კრიზისები ფინანსური გლობალიზაციის პირობებში" (2003, რუსულად, რეზიუმე ინგლისურად);

  4. "ტრანსფორმაციული ქვეყნების ეკონომიკისა და საბანკო სისტემის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები" (2005, რუსულად, რეზიუმე ინგლისურად).

     ავტორის მიერ გაკეთებულია მოხსენებები ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შემდეგ კონფერენციებზე:

  1. ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის 47-ე სამეცნიეო კონფერენცია (რიგა, ლატვია, 1988);

  2. საშემოდგომო სკოლა, "ტოპოლოგიის გამოყენება ალგებრასა და დიფერენციალურ გეომეტრიაში" (ტარტუ, ესტონეთი, 1988);

  3. სემინარი ზოგად ტოპოლოგიაში პროფესორ ა. არხანგელსკის ხელმძღვანელობით ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მოსკოვი, რუსეთი, 1989);

  4. ლონდონის უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო და ფინანსური სკოლა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2000);

  5. მსოფლიო ბანკის კონფერენცია "ზედამხედველობა, მენეჯმენტი და ფინანსური რისკების შეფასება" (ვაშინგტონი, აშშ, 2003).

     ავტორს გააჩნია საბანკო სისტემაში პრაქტიკული მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამავე დროს იგი არის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

     ამჟამად ირაკლი კოვზანაძე არის საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.