წიგნი ეძღვნება სისტემური საბანკო კრიზისების შესწავლასა და ანალიზს ფინანსური გლობალიზაციის პირობებში. მასში კომპლექსურადაა განხილული საბანკო კრიზისების წარმოშობისა და განვითარების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, მათი პროგნოზირების, პრევენციისა და გადალახვის გზები.

       ნაშრომში შესწავლილია დიდი მოცულობის პრაქტიკული მასალა სისტემური საბანკო კრიზისების შესახებ და მათი გამოვლინების თავისებურებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში. ამ კრიზისების მაგალითზე მოცემულია მათი მაკროეკონომიკური, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური ფაქტორების დახასიათება და ანალიზი.

       წიგნში განხილულია სისტემური საბანკო კრიზისების თავიდან აცილების, მათი შედეგების გამოსწორების და მდგრადი საბანკო სისტემის შექმნის ამოცანები. ამასთან დაკავშირებით შესწავლილია საბანკო სისტემების რესტრუქტურიზაციის, საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის საკითხები.

       განსაკუთრებული ყურადღება ნაშრომში ეთმობა საქართველოს საბანკო სისტემის საკითხებს.

       რეკომენდირებულია ბანკის მენეჯერებისათვის, ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლებისათვის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების, ასპირანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ბიზნესის სკოლებისა და ეკონომიკური სემინარებისათვის.

    პროფესორი ირაკლი კოვზანაძე არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი მათემატიკასა და ეკონომიკაში, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა:

  1. "მეზოკომპაქტური სივრცეების განზომილების თეორიის ზოგიერთი საკითხის შესახებ" (1990, რუსულად);

  2. "საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე" (2001, ქართულად, რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენებზე);

  3. "სისტემური საბანკო კრიზისები ფინანსური გლობალიზაციის პირობებში" (2003, რუსულად, რეზიუმე ინგლისურად);

  4. "ტრანსფორმაციული ქვეყნების ეკონომიკისა და საბანკო სისტემის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები" (2005, რუსულად, რეზიუმე ინგლისურად).

     ავტორის მიერ გაკეთებულია მოხსენებები ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შემდეგ კონფერენციებზე:

  1. ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის 47-ე სამეცნიეო კონფერენცია (რიგა, ლატვია, 1988);

  2. საშემოდგომო სკოლა, "ტოპოლოგიის გამოყენება ალგებრასა და დიფერენციალურ გეომეტრიაში" (ტარტუ, ესტონეთი, 1988);

  3. სემინარი ზოგად ტოპოლოგიაში პროფესორ ა. არხანგელსკის ხელმძღვანელობით ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მოსკოვი, რუსეთი, 1989);

  4. ლონდონის უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო და ფინანსური სკოლა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2000);

  5. მსოფლიო ბანკის კონფერენცია "ზედამხედველობა, მენეჯმენტი და ფინანსური რისკების შეფასება" (ვაშინგტონი, აშშ, 2003).

     ავტორს გააჩნია საბანკო სისტემაში პრაქტიკული მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამავე დროს იგი არის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

     ამჟამად ირაკლი კოვზანაძე არის საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.